Paulsrekorder - "Anna"

10.18.2009

კადრი ჩემი ცხოვრებიდან...


თვალები გამიფართოვდა და გაოცებისგან გამეცინა. გადაიღო ფოტოგრაფმა სურათი და დააწება წიგნის ზემოდან...

ჩუმად ვწერდი, ისე რომ არავის ვაწუხებდი, ხანდახან სუყველას, მაგრამ მაინც ჩუმად ვიყავი...

როგორც მინდოდა ვხატავდი, ვქმნიდი... ისეც იყო, რომ ხშირად ბევრ ტაეპებს ვტოვებდი; ორი ფურცლის მერე ვამბობდი ჩემს სათქმელს; არ გეგონოს რამე ეწერა... - სულ ცარიელი იყო...

სიჩუმის ნაკვალევით....

ფოტოგრაფი, კი ისევ იღებდა სურათებს და ახლა წიგნში ათავსებდა მათ...

ყდაზე, კი კვლავ მოჩანდა გაოცებული ბავშვის კადრი. სიხარულით გაოცებულისა, რომელმაც არ იცოდა, რატომ ასე...

ბზიალებდა ბურთი და მასზე მომღიმარი სახეები თვალს მიკრავდნენ; ჩუმად ჩურჩულებდნენ:

-გაიღიმე ! ! !

მე, კი უბრალოდ ვუცქერდი მათ და მიკვირდა...

სურათები ცვიოდა და ივსებოდა წიგნი...

ბზრიალებდა ბურთი და მათზე მოსიარულე წიგნებიც... მეც მომინდა მათთან ერთად თამაში...

უცებ, ყინულივით ხმა! :

-ბოლო კადრი!

მხრები მოწყენით ჩამოვყარე. საბოლოოდ ავხედე მოლურჯო ცას და ალმაცერად გავაყოლე თვალი მოფარფატე ბაბუაწვერებს...

ბოლოს, ცრემლი დააფრინდა მელნის ფოტოლს...

_ჩხკ!

გაქრა სხეული. გადაიქცა თაროს მტვრად....

რა იმალებოდა უცნაურად მომღიმარი გოგონას უკან?....

ერთი ბადნიერი კადრი ჩემი ცხოვრებიდან....

გადაშალე ბოლო გვერდზე, რომ მოგინდეს, ბოლო სურვილი გახადო პირველი!.!.!

...... გაიღიმე!

ბოლო კადრი, რა იქნება, არ ვიცით!

-ჩხკ...

 

 

adu………

10.10.2009


მე ახლა ჩემი შორეული ოცნებიდან გწერთ
ჟან-მიშელ მოლპუა
თქვენი აზრით, სად ვიმყოფები? სადმე კაფეში, ტერასაზე? ან სასტუმროში? ეს არაფერს ცვლის. მე ეს ოცნება სულ თან დამყვება. დღისა და ღამის ყველა საათში, მუდამ დამდევს უცნობი მხარე. შორეული მყინვარები, უდაბნოები... უკიდეგანო ცის ლაჟვარდი ზღვაზე გაწოლილ ზმანებას არწევს.
თქვენც კარგად იცით, ეს ყველაზე შორი ოცნება ყველაზე მეტად ახლობელია. მერე რა, რომ ხორციელია, ძვლებით და სისხლით, ჰაერივით მსუბუქია, ვერ მოიხელთებ. ჩიტს გავს, დემონსაც, ანგელოზსაც. ჩვენს თავებში გამომწყვდეული ხშირად იცინის და დაგვცინის კიდეც.

10.09.2009



სიყვარული
აილინ ჭანგი
ეს ამბავი ნამდვილად მოხდა.
ერთ დაბაში შეძლებული კაცის ოჯახში იზრდებოდა ლამაზი გოგო. ბევრი დადიოდა მასთან სამაჭანკლოდ, თუმცა დაყოლიება ვერავინ შეძლო.
იმ წელს გოგო თხუთმეტიოდე წლის იქნებოდა. გაზაფხულის ერთ საღამოს იგი უკანა ჭიშკარში იდგა, ხელებით ატმის ხეს ეყრდნობოდა. ახლაც კარგად ახსოვს, ცისფერი კაბა ეცვა. მოპირდაპირე სახლში მცხოვრები ყმაწვილი მას ადრეც უნახავს, მაგრამ არასდროს დალაპარაკებია. ახლა კი ყმაწვილი მიუახლოვდა, შორიახლოს შეჩერდა და ალერსიანი ხმით უთხრა: “უი, შენც აქ არ ყოფილხარ!” გოგოს ხმა არ გაუცია. აღარც ბიჭს უთქვამს რამე. ერთხანს ასე იდგნენ. ბოლოს ორივე თავ-თავის გზას გაუყვა.
ეს იყო და ეს.
მოგვიანებით გოგო თავისივე ნათესავმა მოიტაცა და შორეულ მაზრაში ერთ კაცს ცოლად მიჰყიდა. გოგო მერეც არაერთხელ გაყიდეს.
ათას ჭირ-ვარამ გამოვლილ მოხუცებულ ქალს ჯერ ისევ ახსოვს ოდესღაც მომხდარი ამბავი. იგი ხალხს ხშირად უყვება გაზაფხულის ერთ საღამოს უკანა ჭიშკარში ატმის ხის ქვეშ მდგომი ყმაწვილის შესახებ.
თუკი მილიონობით წლის მანძილზე, დროის უკიდეგანო სივრცეში, მილიონობით ადამიანს შორის შეხვდები მას ვისაც შეხვდი, არც ერთი ნაბიჯით ადრე და არც ერთი ნაბიჯით გვიან, არამედ ზუსტად იმ დროს, იქ სათქმელი სხვა არაფერია, გარდა ერთი ალერსიანი ფრაზისა: “უი, შენც აქ არ ყოფილხარ!”

10.02.2009


                 ქუჩა აივანი გოგო ბიჭი….    

                                 

                                                                         სანდრო აბაშიძე

 ქუჩა მანქანების ხმაურს ისრუტავს

აივანი მოპირდაპირე აივანს გაჰყურებს

გოგო სიცხისაგან შეწუხებული

აივანზე გამავალ ფანჯარას კეტავს

ბიჭი აივანზე გამოდის და სიგარეტს ეწევა

ქუჩა მძიმე ჰაერით სუნთქავს

ქუჩა ნაგვით სავსე პარკებს იჭერს

აივანი აივანს ეპრანჭება,

 აივანი ყვავილებით აივანს ეარშიყება

გოგო ფანჯარაში გამდნარ ვარსკვლავს ეთამაშება და იძინებს

გოგო სიზმარს ეხუტება

ბიჭი აივანზე დგას და ფიქრობს,

ბიჭი სიგარეტს ამთავრებს და უნდა ყველაფერს მორჩეს

ქუჩა ცდილობს არ იფიქრობს

ქუჩა ცდილობს ისუნთქოს

ქუჩა ცდილობს საკუთარი სიმახინჯე დამალოს

აივანი ცდილობს აივანს ეჩურჩულოს,

აივანი ცდილობს ლექსი დაწეროს აივანზე

აივანი ცდილობს აივანს უმღეროს

გოგო ცდილობს ბიჭის სახე გაარჩიოს

გოგო ცდილობს ბიჭს თავი მოაწონოს

გოგო ცდილობს არ გაიღვიძოს,

 ბიჭი ცდილობს აივნის კიდეზე აძვრეს

ბიჭი ცდილობს გადახტეს

ბიჭი ცდილობს არ გადარჩეს,

ქუჩა უსულოა

ქუჩა ნატრულობს ადამიანთა ალერსს

ქუჩა სითბოზე ოცნებობს

ქუჩა პასუხად წიხლებს იღებს

აივანი სიცოცხლეს უმღერის

აივანი კოცნას უგზავნის აივანს

აივანი აივანს სიყვარულში გამოუტყდა ,

აივანი აივნის მიჯნურია

გოგო დაცურავს ვარდისფერ ზმანებაში

გოგო ყვავილებს იღებს საჩუქრად

გოგო მზის სხივებშია ჩაძირული

გოგო იღვიძებს ხმაურით შეწუხებული

ბიჭი უკვე გადახტა შეყვარებული აივნიდან

ბიჭი ქუჩას დაეკონა

ბიჭი გოგოზე არ ფიქრობდა

ბიჭი თავით დაეცა

ქუჩა ბინძურია

აივანი ბედნიერია

გოგო იმედგაცრუებულია

ბიჭი მკვდარია

Powered By Blogger