Paulsrekorder - "Anna"

5.20.2010

ჟოლოსფერი...


გახუნებულ ჩაის ტილოს, ასდის მარწყვის  სურნელი.
კოვზზე, დარჩენილა შაქრის ნატეხები....
მაგიდაზე, ხილი....
კარგად გაყავისფერებული და გადასაგდებად გამზადებული....
ჰაერში, ვერ ეტეოდა შენი სურნელი და ჩემს ფანჯრის წინ დაეპკურა სისხლის წვეთად...
მე, მოვყავდი შენსკენ სურვილს...
ჩემს ჩრდილს, დაჰკრავდა  ჟოლოსფერი მყუდროება.....
ნუშისმაგვარი თვალები...
ჩაის ტილოდან, შენს ტუჩებზე გადმოსული მარწყვის ფერი...
ნაზი...
                  თხელი...
                                       ვარდისფერი მყუდროება...
მე, ჟოლოს სიცივე...
                                  იასამნისფერი გაფითრება...
ზამთრის სუსხი გაზაფხულზე...
რა უცხოა შენთვის, ჩემი ჟოლოფერი მყუდროება...
შაქრის ნატეხებივით დაშლილი წამი......
ჩაიში ჩაყრილი მოგონება და ნუგბართან ერთად დავიწყებული შენი სახელი...
აი თურმე, რატომ მოხვდა ჩემს სარკმელზე, შენი სისხლის წვეთები....
ახლაც, საამურად მიღიტინებენ სუნამოს ბუსუსები....

მამ, მე მივდივარ!

თბილ სხეულს სიო ეტმასნებოდა.

იქვე ძაღლი იწვა. მაწანწალა. ბირკებაკრული.

ხანდახან გულისშემაწუხებლად დაიყმუვლებდა ხოლმე და მერე ჩუმად წკმუტუნებდა.



ისე ცხოვრობდა, როგორც თითოეული თქვენთაგნი.

მეთხუთმეტე საფეხურზე იდგა და სამყაროს გამომცდელი თვალი უმზერდა.

რატომღაც გადაწყვიტა წასულიყო....

შინაგან სამყაროში არ ჩამახედა.(ვიცოდით ორივემ, რომ კარგად ვიცნობდით ერთმანეთს).

მხოლოდ დღიური შემრჩა ხელებში.

საუკუნე ნათენები და გაცრეცილი.

მთაზე ასვლა გაუძნელდა, მაგრამ იქიდან ლამაზი ჩანდა ბინძური ქალაქი.

ცოცხალი, მკვდართ შეერია და ერთ საფლავთან შეჩრდა.

სამი თითის ნაკვალევი დარჩა ქვაზე.

როგორი  საღამო იყო...

დამენანა...

იდგა მაგიდაზე, მუხის ფრთებქვეშ...

ვხედავდი როგორ კრეფდა რაღაც ნომერს ხელის კანკალით.

„მამ, მე მივდივარ! სანდროს ჩემს მაგივრად აკოცე.“

მხოლოდ უხერხული პაუზა და სიჩუმე.

მახსოვს, როგორ დაეხეთქვა ტელეფონი ქვაზე.

მერე კი...

თბილი სხეული დიდხანს ჭრიდა თვალს მოწყენილ ბეღურებს.

სიო ეტმასნებოდა თმას და ვგრძნობდი, მალე მოვიდოდნენ ლანდები და წაგიყვანდნენ,

მხოლოდ ძაღლი იწვა შენს ფეხებქვეშ.

მაწანწალა და ბირკებაკრული.
„ჩემი მუზა ტალღებმა შეიტყუეს და დაახრჩეს.
ზღვამ კმაყოფილი სახით შემომღმუვლა და მიმახეთქა მეჩეჩს.
დამტვრეულ ხერხემალს ახლაც უიმედოდ ვიმთელებ.
ნაკუწ–ნაკუწ. ნაწილ–ნაწილ...“
                                                              ენი...

მომბეზრდა ყველაფერი. აღარ მინდა აქ. გამიშვით უსასრულობაში. ყელში ამომივიდა თქვენი არგუმენტიანი რჩევა–დარიგებანი.
ის ასეთია. ეს ისეთია.
იმას, ამას უწუნებთ. ამას, იმას.
გგონიათ ხუთზე გაქვს ცხოვრება აწყობილი, არადა ნაგვის ბუნკერებში ცხოვრობთ და უკვე გაგუდულებს ჭუჭყის სუნისგან, ვეღარ გრძნობთ როგორ ყარხართ.
აფარებული გაქვთ სულის თვალებზე ხელი და ბედნიერად იღიმით ყოველგვარი სისაძაგლის შესწრბისას.
სიძულვილი და ბოღმა დამახრჩობს ვიცი. მინდა მოვიშორო, მაგრამ ვგრძნობ როგორ ეჭიდება ჩემს გონებას და ღრღნის...
მინდა რომ  გავიქცე!
–სად? სად წახვალ ?! წრეზე დადიხარ მთელი ცხოვრება ენი!
გზა–გზა სცვივა შენს მატარებელს ჭანჭიკები და უდუმდება საყვირი. დაჟანგულ ვაგონს ნავსაყრელზე ტოვებენ ხოლმე_ვირთხების თავშესაფარისთვის.
ვხვდები რამდენი მღრღნელი დაძვრება ჩემს სხეულში და გულის რევის მაგივრად  ცრემლები მომდის. მეტი არც ძალმიძს.
რას მოვიშორებ, რაც ფიზიკურად არ არსებობს.
მემძიმები რა! ეს სხეული მძორს დაემგვანა.
გაფრენა უნდა! გაფ–რე–ნა!
და გეხვეწები, ცოტა ხელი შემაშველე. შემანჯღრიე მაინც.
სიმსუბუქე დამიბრუნე, მეტი არაფერი და მე წავალ ხმის ამოუღებლად დედა–მიწავ.
დაგიტოვებ ჩემს სხეულს. ასე რომ გიყვარს და ეპოტინები.
ოღონდ წავიდე და ერთი წამით არ ვინანებ რომ გიცნობდი.
დავიცალე, მაგრამ ათასჯერ ათიათასი რამ მაქვს შენთვის სათქმელი.
გულის ხავილის ჩასაცხრობად ბევრჯერ შემოგიტევ  ჩემი აზრების ფრქვევით, უბრალოდ ახლა მინდა წასვლა.
სულიერი სიმშვიდის ძებნა მომბეზრდა.
ხო! შემეშვი!
მე დაგპირდი:
–გიტოვებ სხეულს, შენს საყვარელ და კუთვნილ მიწას...

მაპატიეთ...

-მაპატიეთ, თუ ენი იქცა მსახიობად.
-მაპატიეთ, თუ ენი იქცა მასხარად.
-მაპატიეთ, თუ ენი იქცა ბედნიერ ბავშვად. (ცოტახნით მაინც)


-მაპატიეთ, თუ რამე გაწყენინეთ.
-მაპატიეთ, თუ რამე შეგმატეთ.
-მაპატიეთ, თუკი რამე დავიჩემე და შევისისხლხორცე.

-ჩემი ბავშვურობა მაპატიეთ.
–ჩემი სისუსტეები მაპატიეთ.
–ჩემი დაუდევრობა მაპატიეთ.
ყველაფერი აწონ–დაწონეთ.
სასწორზე ბლომად დამიყარეთ შეცდომები.
ხან ცუდისკენ გადაწიეთ, ხან კარგისკენ.

ოღონდაც მაპატიეთ, რომ ტირილით შევეგებე სამყაროს
 და ტირილითვე დავასრულე ბოლო ამოსუნთქვაც.
მ ა პ ა ტ ი ე თ . . .
ისევ შემომიცურეს ხელები სულში და დაკაწრეს.
ახლა უფრო გამეტებით ეხეთქება ჩემი გონება ატალახებულ სამყოფელს.
როგორ შემაზიზღეს სუნთქვა და მზის დანახვა.
მზის, რომელიც ჩემი არასდროს ყოფილა.
და მაინც, რამდენ სევდას იტევს ჩემი ოახის კედლები.
ბზარებად ეფინება ყოველი სასოწაკრვეთილი წამი და ხანდახან მებურდღუნება ხოლმე...
„ერთად გავიქცეთ ამ სამყაროდან_ხელჩაკიდულნი, თვალებდახრილნი.
ა თუ დავგვინახეს, არაუშავს...“
                                                                      ენი...

მამა პეტრეს...

მეოფინა სულს ნათელი თქვენებური,
ლექსებს მუზა ჩამოუჯდა მხლებელად,
სითბომ  ჩუმად გადმოონა თვალებიდან,
გულის ძგერას სულ სხვა სისხლი აგება.

წელმოწყვეტილ  გრძნობებს  ფრთხილად გადავითვლი,
ხელს არ  ვახლებ  მიყუჩებულ  ტკივილებს,
ისე,  ჩემითვის  სინანულით თავს გავიქნევ,
მერე  ჩუმად მივუყვები ბილიკებს.

ნატეხებზე  ჩამოვჯდები  ძველი  ფიქრით.
მთიებს  ნატან  ღიმილსევდა ნაპირებს,
დაასველებს  ცელქი  წვიმის  წკაპაწკუპი
და  ნიღბების  მაღაზიას  აღვიძბს...

მე მიყვარს ქალი, რომლსაც „თვალები არ აქვს“...

გაზაფხულია, მოგაძახე გუშინ გულცივად,
შენ  ხომ  არასდროს გყვარებია  ჩემი  ალერსი...“
                                                                   ენი...

თაე, მე შენ მჭირდები.
არ გამკიცხო.
გემუდარები, არ მითხრა რომ ღირსი არ ვარ, ვიფიქრო შენზე.
შენც  ხომ ისეთივე მოკვდავი ხარ, როგორც მე.
დამიშალე რაც გინდა!
თუ მოისურვებ, ჩემს თავს გავატან წყალს,
 სიყვარულით დამხრჩვალთა საფშვინველში.
თაე, უკვე  მერამდენედ გავცქერი ნისლიან ცათამბრჯენებს
და სახე მიჭრელდება ყოველ ნაპასზე...
ფილტვებიდან მეპარება შენი ჩაბერილი ჟანგბადი და ვსვევდიანობ...
არ გამკიცხო.
გემუდარები...
მე ვყვირი ბრბოს გასაღვიძებლად : მიყვარს ქალი, რომელსაც „თვალები არ აქვს“.
ახლა კი მოდით და დამცინეთ!
ოღონდ გახსოვდეთ, თქვენც მოკვდავნი ხართ...
 

... და ვინ ვარ მე?

(ნაწყვეტები სულის კივილიდან)

„ადამიანი სამყაროს მოდელია.“
                                        დავინჩი

თვალებზე აიფარე
შენი მსხვილი ხელი,
ისე გადათელე პურის ყანები
და მერე,
სინანულით თავი გაიქნიე...
მე, შევერიე გამჭვირვალე
ჰაერის მასებს
და გრიგალივით საიდანღაც
მოვაწყდი მერე.
ავაწიოკე შენი ტანის
ყველა უჯრედი
და გარინდული მზერისაგან
დავიწვი უცებ.


*** 
და შენ წახვედი,
მიიხურე ნაცნობი კარი.
კედლებზე ხაზებს
მიემატა ახალი ბზარი...
    და მე გავწექი უსასრულოდ,
                                  სასრულ სივცეში...


***
 დავცარიელდი...
დარაბებს, ქარმა
შემოუქნია თეთერი ფერდები.
მზე მიიმალა.
სიჩუმემ სახლში
ჩამოაფარა თეთრი ფარდები.
დავცარიელდი...

***
მომხვიე ხელი!
ჩამეხუტე როგორც არასდროს...
მინდა, რომ ძვლებმა დაიყვირონ
უღვთო ძახილით....
მე   ვარ  ენი_EMpTy სამყაროდან...
მე, არ ვაგროვებ ჯართს, არც ბოთლებს ვიბარებ.
მე, არ დავდივარ კინოში და კაფეში.
არასდროს მინახავს ადამიანი და არ მქონია სურვილი,
 გულის არევამდე ვმჯდარიყავი ატრაქციონზე.
არ მიყვარს ტკბილეული და სათამაშოები.
არ მხიბლავს ბრჭყვიალა საგნები.
ვერ ვიტან სამკაულებს
და ვერ ვაცნობიერებ რა დანიშნულება აქვთ ცხოველებს.
ყვავილებს ვერ ვანსხვავებ ერთმანეთისგან.
არასდროს ვთვლი ვარსკვლავებს
და ვოცნებობ შენზე.
მე დავდივარ ცალცალი ქოშით
და მკლავმორღვეული აბრეშუმის პერანგით.
ნახევრად შეღბილი თმით და უცნაური გამომეტყველებით.
მე, ყოველთვის ვრჩები აივანზე გვიანობამდე,
მთვარის ამოსვლას ველი და ჩემს თავს ვარწმუნებ, რომ ეს ყოველივე ასეა....
ამაოების ქებაში დაგვათენდება და ჩამოგვიღამდება.

გადაცქვლეფილი მუხლებით და მშიერი თვალებით
მოგვადგება ბავშვი. ჭუჭყისგან ფერშეცვლილი კანით.
შენ გაიღიმებ და განაგრძობ ბაასს.
კაფეს ჩაბნელებულ მინებთან გაივლიან,
სახეჩამოკაწრული ადამიანები და გაბურძგნულ თავებზე
ბედნიერად ექნებათ ჩამოკონწიალებული მძიმე წიგნები...

ჩვენ ჩამოგვაღამდება და დაგვათენდება ამაოების ქებაში.

იქნებ გარეთ გავსულიყავით?
–მაგრამ რატომ?
იქ მხოლოდ მდაბიო გომბეშოები სახლობენ
და შებინდებისას ყიყინის ხმას გამოსცემენ
უსაქმურობისგან  ჩამოწელილი ყბებიდან...

Powered By Blogger