Paulsrekorder - "Anna"

6.05.2010

ENyის (მე) გიო მაკაველისგან :) [ მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ!!!]

ხეტიალი ანუ ფანჯრიდან - ფანჯრამდე

   

                                        ეძღვნება ჩემს უსაყვარლეს მეგობარს და ნიჭიერ ადამიანს ენის...                                          ვუსურვებ უსაზღვრო სიყვარულს, სიმშვიდეს და ბედნიერებას მის წინ გადაშლილ აუტანელ სამყაროში, სადაც

                                        ადგილები ძალიან ცოტაა.

                                        ღმერთი გფარავდეს ენი...



    საუზმეს ისევ ვჭამ, სადილიც ()კადრულობს, ვახშამი თითქმის არ "შემდგარა".

    გაიცანით, ჩემი ერთადერთი და საუკეთესო მეგობარი, ის არ არსებობს!

    ჩემს ფანჯარას ერთი ოთახი აქვს, აქ იშვიათად ვხედავ ადამიანებს. მე ყველაფერი მაქვს (რასაც მოვისურვებ, როცა მოვისურვებ და სადაც მოვისურვებ) სურვილების გარდა!

    მე არასდროს დამიტოვებია ბაკურიანის თეთრად გადამწვანებულ ფერდობებზე ჩემი ნაბიჯის ნაკვალები. ჩემს სკოლას და უნივერსიტეტს ფურცლები ჰქვიათ. მე კარგი ლექტორები მყავს. წითელი, ლურჯი, მწვანე, შავი, ზღვისფერი, ცისფერი, და მათ ყველას მელანი ჰქვია.

    ხშირად ვუყურებ ჩემი ფანჯრის ოთახიდან ეზოში მოთამაშე ბავშვებს. არასდროს მცმია თეთრი ფეხსაცმელი, არც სხვა ფერის.

იცით, მე სკამს ვერ ვიტან, ის არ მდგარა ჩემს ოთახში, აქ არაფერი დგას. მაგიდა კუთხეში წევს, საწოლი მის გვერდით ზის. კარადა?... არ ვიცი... (გა)დამავიწყდა. დიდი ხანია სინათლე არ ამინთია. რამდენიმე წლის წინ მკაცრი ტონით გამოვუცხადე ჩემი ოთახის მდგმურებს, რომ აქ არაფერი იდგებოდა!

    იცით, ჩემს ოთახს ერთი ფანჯარა აქვს. მე ბედნიერი ვარ.

    არ მიყვარს შავი ფერის შარვლები, არც სხვა ფერის.

    მე არასდროს ვარ მარტო, გვერდიდან არ მცილდება მარტოობა.

    ფერადი ფანქრები მიყვარს. ჩემი საყვარელი ფერი ოცნებისფერია. წუხელ გამითავდა, რაღაცას ვხატავდი. (თუ მხატავდა...)

    მე თქვენ არ გგავართ, მე არასდროს დამიდგამს ჭიანჭველასთვის ფეხი.

    ჩემი ოთახის ფანჯარა და სარკე არ გავს თქვენსას, ფანჯარა სულ მთლად მიბჯენილია იატაკს, სარკე კი ოდნავ მაღლა ჰკიდია კედელს. მე ასე მომწონს!

    იცით, არასდროს გამივლია ჩემს ოთახში და არასდროს დამიჩოქია წმინდა გიორგის ხატთან.

    მე არ მაქვს მართვის მოწმობა, მეშინია საჭესთან ჯდომის. არც არასდროს დავღლილვარ სიარულისგან, არ მიყვარს სეირნობა.

    არასდროს ავძრომილვარ სოფელში მეზობლის ბაღში მდგარ თუთის ხეზე. მე სოფელში არ ვყოფილვარ.

    ჩემთვის არასდროს დაუვლია ჟრუანტელს მთელს სხეულში...

    უსაქმურობას ვერ ვიტან, არასდროს ვმჯდარვარ ფეხი - ფეხზე გადადებული.

    მე არასდროს მჭირდება კიბე თაროდან წიგნის ჩამოსაღებად, ჩემთან ყველაფერი დაბალია. მე ასე მომწონს!

    გული მწყდება, რომ არასდროს მივხმარებივარ მეზობელს მძიმე ჩანთების სახლამდე მიტანაში.

    სიგარეტს ვერ ვეწევი, მე სირბილი არ შემიძლია, ამიტომაც ყოველთვის ის მეწევა მე...

    ჩემი ანდერძი დაწერილია უკვე, ის დაიწერა. ჩემი სასახლე უფრო მოკლე იქნება თქვენსაზე. მე ასე მომწონს!

    იცით, თქვენგან განსხვავებული ვარ. მე ცოცხალს მაქვს უკვე სამარე, იქ ჩემი სხეულის ნაწილები მარხია. ის არსებობს. ჩემს დანარჩენ მესაც ალბათ იქ დამარხავენ. მე ასე მინდა!

    მე ორად გამჭრეს!...

    მე არასდროს მითქვამს გამოთქმა "ფეხებზე მკიდია".

    იცით, ჩემი საყვარელი სიტყვაა არასდროს.

    იცით, მე ინვალიდი ვარ.

    მე ფეხები არ მაქვს...

    მომაჭრეს...

   

    იცით, ჩემს ოთახს ერთი ფანჯარა აქვს, მე ბედნიერი ვარ. მე ასე მინდა!

No comments:

Powered By Blogger